,

შსს: ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთი პირი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამგორის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.

“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: 1960 წელს დაბადებული ზ.კ., 1957 წელს დაბადებული ქ.ო., 1967 წელს დაბადებული გ.ვ., 1970 წელს დაბადებული ნ. გ. და 1968 წელს დაბადებული ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5 600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%