,

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც 18 წლის ბიჭი იმსხვერპლა, პირს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რასაც 18 წლის ნიკა ყოლბაიას სიცოცხლე შეეწირა, ბრალდებულ ი. ფირცხალაიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედებოდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო. ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

პროკურორის განცხადებით, 2016 წლის 24 ოქტომბერს ი. ფირცხალაიშვილი კოსტავას ქუჩაზე მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, არ შეჩერდა წითელ შუქნიშანზე და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნიკოლოზ ყოლბაიას, რომელიც გზას კვეთდა ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე, ქვეითებისთვის განკუთვნილ შუქნიშნის მწვანე ფერზე. საგზაო შემთხვევის დროს მიღებული დაზიანების შედეგად ნიკოლოზ ყოლბაია 2016 წლის 24 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„დათვურ სამსახურს ამ ადამიანს არ გავუწევ. წლების მერე, როდესაც ჭაღარა შეერევა თმაში  და თავის შვილებს თვალებში ჩახედავს, უნდა იცოდეს, რომ მოქალაქეობრივი ვალი ნიკოლოზის წინაშე მოიხადა და ღვთის წინაშეც შეიმსუბუქა ეს სასჯელი. იმიტომ, რომ ეს არ არის, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა…  მე ვთვლი, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და აღსრულდეს ისე როგორც საჭიროა. 8 ოქტომბერს რომ გაქვს მართვის მოწმობა აღებული და 24 ოქტომბერს ამას სჩადიხარ, იქამდე წვრილ-წვრილი რაღაცებიც გაქვს ჩადენილი გაქვს, ღერძულა ხაზს რომ კვეთ შუა ქალაქში  და წითელზე მიდიხარ, იქ ხომ ვიღაც შეიძლება მოდიოდეს. ეს 20 წლის ბიჭმა უნდა გაითავისოს. კიდევ ის უნდა გაითავისოს, რომ მამას არ უნდა გაჰყვეს სახლში [ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული], „მე ადამიანი მოვკალი“ – აი, ეს უნდა იცოდეს. მე ვეტყვი მას, რაც მშობლებმა არ უთხრეს, მე ნიკა ყოლბაიას სახლში არ წავიყვანდი ასეთი ფაქტის შემდეგ, არ წავიყვანდი და ნიკაც არ გამომყვებოდა… თუ ჩემს ნიკას განგებით ეს ელოდა, განგებით განსაცდელი ელოდა იმ ადამიანსაც, რომელმაც ეს ჩაიდინა და მან ღირსეულად უნდა აგოს პასუხი. მე ასე მიმაჩნია“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე გარდაცვლილის დედამ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%