,

მეუფე პეტრეს წერილი სინოდს – “უსამართლობა იქნება, ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს“

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წერილს აქვეყნებს, რომელიც 11 მარტით არის დათარიღებული. მეუფე პეტრე წერილში იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც მისი მისამართით 2017 წლის 9 მარტს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე გაისმა. წერილის ადრესატები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და სინოდის სხდომის მდივანი მიტროპოლიტი შიოა:

“მესმის, მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა. სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლისთ, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისათვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ, არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დიკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური „ციანიდის საქმის“ შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი, არ გეთანხმებით…

რაც შეეხება ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდების მუხლებს, კარგი იქნებოდა 34 კანონის განმარტება მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის რომელშიც აშკარა მიკერძოება იკვეთება… ამ კანონში ასევე ვკითხულობთ: პირველმა პირმა არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად… ანტიოქიის მე-9 კანონი კი დამატებას წარმოადგენს 34 კანონისა, ასევე ტრულის კრების მე-20 კანონი რაც არასდროს დაგვირღვევია და უპირატესობას ყოველთვის ვაღიარებდით კათოლიკოსისა, მის შემავალ სამრევლოში კი არასოდეს ჩავრეულვართ. უფრო მეტიც, ტელევიზიის ხელმძღვანელობა გვაძლევდა იმის საშუალებას თუ ვინ მოგვეწვია სასაუბროდ და ეკრანიდან საქადაგებლად. ბალსამონის განმარტებით: „ნებადართულია სხვა ეპარქიაში მსახურება, თუკი თანხმობა განაცხადა ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა“. დასამტკიცებლად ამისა, ბალსამონს მოჰყავას გრიგოლ ნაზიანზელისა და ეფესოს მიტროპოლიტ იოანეს მაგალითი. შეგახსენებთ რომ სინოდის წევრის ვალდეულებაა სასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს, აზრის დაფიქსირების უფლება კი სახარებაზეა დაფუძნებული. ზონარა უფრო მკაფიოდ განმარტავს: „ მაგრამ ის არ შესცოდავს, თუკი კითხვით მიმართავს მას ვინმე სხვა ეპარქიიდან და იგი პირადულად უპასუხებს და დამოძღვრავს კიდეც“… ხოლო
55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია, მსგავსი შეცდომების დაშვება….

ხოლო, მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი სხვა რამეზე მეტყველებს: „… თუ მბრალდებელი არც მწვალებელია , არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმინდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს; თუკი შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება მაშინ ბრალმდებელმა მიმართოს დიდ სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას“, ვაღიარებ, რომ არცერთი პროცედურა არ ჩატარებულა და სხდომაც კანონდარღვევით წარიმატა. მიუხედავად სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ მოყვანილი ეკლესიაში არსებული ფაქტებისა რაზეც მოკვლება უნდა დაწყებულიყო.

მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა. რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ, თქვენს მართლკვეთელობას“- აღნიშნულია მიტროპოლიტის წერილში, რომელსაც მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დღეს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, როგორც 9 მარტის სინოდის სხდომაზე ითქვა, მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე, ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9, II მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონები), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას, – დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის შემომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%