,

მამუკა ჩხაიძე: “თუ გინდა დასახულ მიზანს მიაღწიო, მასში დიდი საფასური უნდა ჩადო”

სანამ წარმატება მოვიდოდა, რთული და გრძელი გზა გაიარა. პროფესიულ არჩევანი შემთხვევითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. სამედიცინო ოჯახიდან გამოსული მამუკა ჩხაიძე ტრადიციის გამგრძელებლად იქცა. ქართულ განათლებაში არსებული პრობლემების მიუხედავად შეძლო და პროფესიონალიზმის გზას დაადგა. ახლა მისი სახელი მაღალპროფესიონალიზმთან და ნდობასთან ასოცირდება. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი​ საკუთარ ცხოვრებაზე, პროფესიასა და კლინიკაზე გვესაუბრება. 

​მამუკა ჩხაიძე: სიმართლე რომ გითხრათ მხატვრობა მინდოდა და არა ექიმობა. სერიოზულად ვიყავი გატაცებული ხატვით, თუმცა ჩემს ოჯახში ექიმობა ტრადიციად იყო ქცეული. ბაბუაჩემი, დეიდაჩემი ექიმები იყვნენ. ჩემმა დამაც სამედიცინოზე ჩააბარა. ოჯახის გამო არსებობდა განწყობა, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. დაახლოებით მე-9 კლასში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ექიმობა უფრო პრიორიტეტული იქნებოდა ჩემთვის.

– ეს გადაწყვეტილება გონებით მიიღეთ თუ გულით?

გონებით, სიმართლე რომ გითხრათ.

– ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო?

მე ვფიქრობ, 100%-ით სწორი გადაწყვეტილება იყო.

– ხატვას შეეშვით?

ცოტა ხანს კიდევ ვხატავდი. მერე აღარ გამხსენებია, თუმცა ასაკთან ერთად ვფიქრობ რომ უნდა დავუბრუნდე.

– ბოლოს რა დახატეთ?

ბოლოს პეიზაჟი დავხატე აგარაკზე. როცა დავუბრუნდები მხატვრობას, ალბათ, ისევ ბუნებას დავხატავ.

– რამ განაპირობა ახლა უკვე მედიცინაში თქვენი პროფესიული არჩევანი?

– ინსტიტუტში სწავლის დროს მქონდა სამი არჩევანი. ჯერ ვაპირებდი ქირურგობას, მაგრამ რეალურად შევაფასე სიტუაცია და აღარ მომხიბლა. მერე ვფიქრობდი, ნერვოლოგობას, წმინდა პრაგმატული გამოყენებით და საბოლოოდ, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სტუდენტობის დროს მედ-ძმად დავიწყე მუშაობა იაშვილის კლინიკაში. ძალიან კარგი კოლექტივი იყო, მაღალპროფესიონალური და ამ ყველაფერმა გავლენა იქონია პროფესიულ არჩევანზე. ვხედავდი იმას, რომ რეანიმატოლოგია სწრაფ გადაწყვეტილებას ითხოვს. სწრაფი გადაწყვეტილება კი, სწრაფ შედეგს გაძლევს, ამან მომხიბლა.

– რა იყო თქვენთვის მთავარ ბარიერი, სამედიცინო სფეროში, ექიმად ჩამოყალიბების გზაზე?

მე იმ ეპოქიდან ვარ, როდესაც საბჭოთა კავშირი დასასრულისკენ მიდიოდა. ამ დროს ყველა სფეროში უმოძრაობა იყო. გულწრფელი ვიქნები, რომ იმ დროს სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში არ იყო საუკეთესო. არ იყო წიგნები, სათანადო ლექციები და ამასთან არ იყო უცხოეთში გამოცდილების მიღების საშუალება. ნახევრად მომზადებული ექიმები საავადმყოფოში ხვდებოდნენ და მერე იქ უნდა მიეღოთ მაქსიმალური ცოდნა. ძირითადად უფროსი კოლეგების ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებით ხდებოდა ჩვენი განვითარება. არ არსებობდა სახელმძღვანელოებსა და ჟურნალებზე წვდომა.

– როგორი იყო კარიერაში თქვენი პირველი ნაბიჯები?

უნივერსიტეტის მერე ახალგაზრდა ექიმი იაშვილის კლინიკაში ექიმ-რეანიმატოლოგად დავბრუნდი. მას შემდეგ რაც ეფექტური მანიპულაციები და პროცედურები ჩავატარე, მოვიდა პოპულარულობაც. მაქებდნენ და მეგონა, რომ მართლაც რაღაცას წარმოვადგენდი. რეალურად, თვალი 1995 წელს ამეხილა, როდესაც ჯო ენის ამერიკული სამედიცინო ცენტრი დაარსდა, თანდაყოლილი გულის მანკის კლინიკა საქართველოში. იქ მიმიწვიეს, როგორც ბავშვთა რეანიმატოლოგიაში გამოცდილების მქონე და შემდგომში ინტესიური თერაპიის სამსახურის უფროსი გავხდი. სწორედ ამერიკელ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობა იყო ჩემთვის თვალების ახელა. მივხვდი, რომ მედიცინაში არაფერი არ ვიცოდი. ამ დროს უნივერსიტეტი 6 წლის დამთავრებული მქონდა. მაშინ დაიწყო მეორე ეტაპი. რეალურად, ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ერთი, მათ უამრავი სამედიცინო ლიტერატურა ჩამოგვიტანეს, მეორე მათთან ურთიერთობა ახალი აღმოჩენების ტოლფასი იყო. ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რაზეც მე წარმოდგენა არ მქონდა. როცა მათი ჩამოტანილი სახელმძღვანელოების კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ ქართულ და ამერიკულ განათლებას შორის დიდი განსხვავება იყო. მერე, ცოტა ხანში, წავედი საერთაშორისო სკოლაში, იტალიაში – International Hard Scool, სადაც საბედნიეროდ მქონდა იმის საშუალება, რომ ჩემი თეორიული დეფიციტი შემევსო. ერთი წელი ვმეცადინეობდი, როგორც სტუდენტი. იქ სერიოზული ცოდნა შევიძინე, რითაც უაღრესაც კმაყოფილი ვარ.

– როგორ ფიქრობთ, რამ ჩამოაყალიბა მამუკა ჩხაიძე პროფესიონალ ექიმად?

მოდი განვაზოგადოთ. ნორმალური, სტაბილური, უსაფრთხო ექიმი, რომ იყოს ადამიანი, ამისათვის საჭიროა – მას შეეძლოს სამედიცინო ლიტერატურის წაკითხვა, გაგება და ამ ცოდნის კლინიკურ სიტუაციაში გამოყენება. ასევე, უნდა ქონდეს ხელი, რომ მანიპულაციებს ატარებდეს უსაფრთხოდ. მისი ფსიქიური პორტრეტი უნდა იყოს მდგრადი, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დეტალებისადმი ყურადღება არის ჩვენი პროფესიის აუცილებელი ნაწილი და ამ დეტალების სწორი ანალიზი, დროული და ადეკვატური რეაქცია. რაც შეეხება მაღალი დონის ექიმობას და ვარსკვლავობას, როგორი ექიმებიც არიან საქართველოში, აქ უკვე სხვა რაღაცებია საჭირო. აქ ინტუიტური რაღაცებიც ერთვება. ისეთი რამეებიც შეიძლება აღმოაჩინო, რასაც სხვა ვერ შეამჩნევს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. მე ჩემს სტუდენტებს სულ ამას ვეუბნები. ექიმობას არ სჭირდება განსაკუთრებული ტალანტი. უბრალოდ, ის თვისებები უნდა გქონდეს, რაც ჩამოვთვალე. ექიმობა არის დაუზარებელი შრომა.

– ოჯახი და სამედიცინო სფერო. რამდენად რთულია ამ ორი რამის ერთად შეთავსება?

ახლა როდესაც კარიერაში ჩემს პოზიციებს მივაღწიე, უკვე ვიცლი ოჯახისთვის. თუმცა იყო დრო, როდესაც ვერ ვიცლიდი. ეს იყო ობიექტური. 2-3 დღე სახლში არ მივდიოდი. ბავშვებს რომ მოვენატრებოდი, ჩემ მეუღლეს მოჰყავდა ხოლმე. ყველა პროფესიაში ასეა, თუ გინდა დასახულ მიზანს მიაღწიო, მასში დიდი საფასური უნდა ჩადო.

– თქვენ მიაღწიეთ დასახულ მიზანს?

მე ვთვლი, რომ პროფესიულად ნამდვილად მივაღწიე ჩემს მიზნებს.

– როდესაც თეთრ ხალათს იხდით, როგორია თქვენი ცხოვრება?

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მეგობრებთან დროის გატარება და ე,წ, გასტრონომიული თავგადასავლები – ახალი კერძებისა და ახალი ღვინოების გასინჯვა. კერძებს მეც ვამზადებ, ყველაზე კარგად ზღვის პროდუქტები გამომდის.

–  და ბოლოს, რატომ უნდა მოვიდნენ ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოში და განდონ საკუთარი შვილები?

ამ საავამდყოფოში საკუთარი ბავშვები იმიტომ უნდა გვანდონ, რომ აქ მუშაობენ მაღალპროფესიონალი ექიმები, ექთნები. უსაფრთხოება და მკურნალობის ხარისხი გარანტირებულია. რასაკვირველია, საქართველოს არცერთი კლინიკა იმ მატერიალური რესურსებით ვერ დაიკვეხნის, როგორიც ევროპასა და აშშ-შია. თუმცა არაფრით არ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებს, როგორიცაა ბალტიისპირეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ა.შ. ყველა ის აუცილებელი მანიპულაცია, დახმარება და მკურნალობა აქაც შეუძლიათ მიიღონ. ამასთან ერთად არის ძალიან გულითადი დამოკიდებულება და კარგი კოლექტივი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლინიკა საკუთარ მიმართულებაში მოწინავეა.

რას ფიქრობ?

0 points
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%